29 მარტი 2017,   23:05
ვრცლად
მზადება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის მზადება დაიწყო. „პრომეთე 2014“ სტარტს პირველ დეკემბერს აიღებს. რიგით მეთხუთმეტე კინოფესტივალისათვის სამზადისი დაწყებულია. ფესტივალში ქართველი და უცხოელი რეჟისორები მონაწილეობენ.

ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სექციად საერთაშორისო კონკურსი რჩება, ამჯერად - 10 სადებიუტო ნამუშევრით. წელს პირველად პროგრამაში 2 ქართველი რეჟისორის ნამუშევარიც მოხვდა. ბელგიელი, ჰოლანდიელი, ფრანგი, რუსი, სერბი, უკრაინელი და ბრიტანელი რეჟოსრების გვერდით სრულმეტრაჟიან ფილმებს, სალომე ალექსი მესხიშვილი და ლაშა ცქვიტინიძეც წარადგენენ.

სადებიუტო ნამუშევრებს წელსაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. მათ შორისაა - ნანა ექვთიმიშვილი. 5 კაციან შემადგენლობას წელს ჟიურის თავმჯდომარე კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფიგურა, რომისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების შემოქმედებითი დირექტორი, მარკო მიულერი უხელმძღვანელებს.

ფესტივალი წელსაც საკონკურსო ნამუშევრებთან ერთად კინო კლასიკას და უახლეს კინო შედევრებსაც წარმოადგენს. ევროპული კინოს ფორუმის ფარგლებში ნაჩვენები იქნება წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ნური ბილგე ჯეილანის „ზამთრის ძილი“, ასევე ალიჩე რორვახერის ფილმი „სასწაულები“, ფრანგი კინოლეგენდის, ჟან-ლიუკ გოდარის 3D სურათი „მშვიდობით ენავ“, ფრანსუა ოზონის, კორნელ მუნდრუჩოს, და ბერნარან ბონელის ნამუშევრები.

ფესტივალის გამარჯვებულები 7 დეკემბერს საზეიმო ცერემონიალზე გამოვლინდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები