29 მარტი 2017,   21:00
ვრცლად
„კრიტიკული აზრი უნდა გადარჩეს“ - ცნობილი ადამიანები "რუსთავი 2-ის" დასაცავად იბრძვიან

„თუ რუსთავი 2 იმ ფორმით, რომლითაც დღეს არსებობს, შეწყვეტს არსებობას, ეს იქნება ერთ-ერთ ძალიან სამარცხვინო ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს იქნება საბედისწერო დარტყმა იმ ძალიან ძნელად მოპოვებული თავისუფლების მიმართ,"- ეს განცხადება გელა ჩარკვიანმა რუსთავი 2-ის დასაცავად გააკეთა. 

ცნობილი ადამიანები რუსთავი 2-ის არსებობის აუცილებლობაზე გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრობენ. მათი თქმით, კრიტიკული მედია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„თუ ეს დევნა მორჩება ეს კარგი იქნება არა მარტო იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც დღეს მუშაობს რუსთავი 2-ზე, არამედ ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ხალხისთვის,"- განაცხადა ნინო ანანიაშვილმა. 

ლაშა ბაქრაძის თქმით, "რუსთავი 2-ის" იმ სახით დაცვა, როგორიც დღეს არის, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

ქართველ მწერლებს მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2 არის კვალიფიციური, კრიტიკული მედია, რომელიც ღირებულებებს იცავს. 

"დღევანდელ კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა როგორც ყოველთვის იყო საჭირო და დღესაც არის საჭირო და ხვალაც საჭირო იქნება კრიტიკული მედია. კრიტიკული, პროფესიული, კვალიფიციური მედია, რუსთავი 2 არის ასეთი დღეს,“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ. 

დათო ტურაშვილის აზრით, ხელისუფლების დეგრადაციას კრიტიკის დეფიციტი იწვევს. 

"რომ არა რუსთავი 2, გაცილებით მეტი იქნება როგორც შეცდომები ხელისუფლების, გაცილებით მეტი იქნება არასწორი ნაბიჯები, გადაცდომები და ყველა ის ნაბიჯები, რომლებიც ახასიათებს ძალაუფლებას,"- აღნიშნავს დათო ტურაშვილი. 

მსახიობ ნინო კასრაძის აზრით, კი „კრიტიკული აზრი უნდა გადარჩეს.“  

ბუბა კიკაბიძის თქმით, "რაც ხდება რუსთავი 2-ის გარშემო არის ძალიან სამარცხვინო ამბავი, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება."

ამავე თემაზე
დღის ამბები