19 იანვარი 2017,   08:28
ვრცლად
ყადაღის მიზანი გამოდის "რუსთავი 2"-ის ფინანსური განადგურება - დიტო საძაგლიშვილი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანიის იურისტი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

დიტო საძაგლიშვილი იმ ვითარებაზე აკეთებს განმარტებებს, რომელიც არხს ბოლო პერიოდში შეექმნა.

საძაგლიშვილი გამოსავალს ხედვას იმაში, რომ უზენაესმა სასამართლო მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება იურისტების შუამდგომლობასთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად კი, შუამდგომლობა ეხება ყადაღის გაუქმებას ან მისი მსუბუქი ფორმით შეცვლას.

საძაგლიშვილი თქმით, მათი ეს მოთხოვნა დასაბუთებული და არგუმენტირებულია.

„რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, სააპელაციო სასამართლოს მერე რუსთავი 2 აღარ არის ოფიციალურად მხარე ამ საქმეში, შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ყადაღის გამოყენება ხდება მხოლოდ მოპასუხე პირის მიმართ. ვინაიდან, რუსთავი 2 აღარ არის მოპასუხე, მის ქონებაზე აუცილებლად უნდა გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიებით დაწესებული შეზღუდვები.“

„რაც შეეხება შინაარსობრივ  მხარეს, მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად ყადაღის მიზანი ამ შემთხვევაში გამოდის რუსთავი 2-ის ფინანსური განადგურება და არა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა,“ - განაცხადა საძაგლიშვილმა.

იურისტის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს არხის მიმართ გამოყენებული ყადაღის ღონისძიება.

საძაგლიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურმა არ უნდა გამოიყენოს ინკასო რუსთავი 2-ის ანგარიშებთან დაკავშირებით.

იურისტი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებაც საუბრობს. 

„ჩვენი საქმის განხილვიდან ჩამოცილებული იქნენ მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლებისადმი არ იყვნენ მორჩილნი და არ იყვნენ მითითებების შემსრულებლები. ეს მიზანი მიღწეულ იქნა და ამის შედეგი არის ის, რომ დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელებზე,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა

დღის ამბები