19 იანვარი 2017,   08:27
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "რუსთავი 2"-ის საქმის ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს არაკონსტიტუციურად ცნო რუსთავი 2-ის საქმის ის ნორმები, რომელიც უმრავლესობამ 7 თვის წინ დაჩქარებული წესით და ღამით მიიღო, და რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვა პლენუმს გადაეცა.

სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნორმები, რომლებიც პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო, საფრთხეს უქმნიდა სამართლიან სასამართლოს და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. საქმე ეხება ”საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ კანონში” მთავრობის მიერ მომზადებულ და რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში ხმაურის ფონზე დამტკიცებულ რეგულაციებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც. არხის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე, ამ სადავო ნორმების საფუძველზე იქნა მიღებული, უსამართლოა.

სასამართლოს მიერ, არაკონსტიტუციურად შეფასებულ რეგულაციებზე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ხელახლა მოუწევს. მანამდე, დეპუტატები სასამართლოსგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჯაროებას ელოდებიან.

ცნობილია, რომ ამ ოფიციალურ დოკუმენტაციას თან მოსამართლეების - ირინა იმერლიშვილისა და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული მოსაზრებები ერთვის. 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები