19 იანვარი 2017,   08:28
ვრცლად
"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ს იმთავითვე მტრად აღიქვამს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მტრად აღიქვამენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავისუფალი მედიის ჩახშობას ცდილობს.

ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს იმთავითვე მტრად აღიქვამს, მაგრამ წელიწადზე მეტი არის უკვე, რაც ეს თავიანთი მტრობა რუსთავი 2-ის მიმართ გადაზარდეს უაზრო სამართლებრივ დავაში, რომელზეც უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა, გააჩუმოს თავისუფალი მედია და ჩაახშოს თავისუფალი აზრი. ჯერ-ჯერობით ეს არ გამოუვიდათ და ეს არის რუსთავი 2-ის, ქართული საზოგადოებისა და მათ შორის ჩვენი, პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი გაიზარდა. ხოლო სასამართლო დამოუკიდებლად გადაწყვეტს რუსთავი 2-ის საკითხზე მიმდინარე დავას.

ასევე თავისუფალია დღეს მედია პარლამენტის თავმჯდომარის აზრითაც. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მედია პლურალიზმის არსებობა საქართველოში ქართული ოცნების დამსახურებაა.

პარლამენტში სხდომის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ჟურნალისტებს ასევე განვლილ წელიწადზე, 2017 წლის გეგმებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე ესაუბრა. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზრს შეიცვლის და კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები