25 მარტი 2017,   05:57
ვრცლად
"რუსთავი 2" ნახევარ წელზე მეტია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

რუსთავი 2 ნახევარ წელზე მეტია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ტელევიზიის დამოუკიდებლობა ახლა უკვე ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების პრინციპულობასა და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც გაირკვა რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის წინა ინსტანციებისგან განსხვავებით ადვილი არ არის.

მთელი წლის განმავლობაში რუსთავი 2-ს ბრძოლა რამდენიმე მიმართულებით უწევდა. კომპანიის წინააღმდეგ ზაფხულში პარლამენტიც გააქტიურდა. კანონმდებლებმა ერთ ღამეში დაჩქარებულად მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც რუსთავი 2-ის კონსტიტუციურ სარჩელებზე გადაწყვეტილების გაჭიანურების ბოლო შანსი იყო.

რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლებრივი საკითხების განხილვას მუდმივად ახლდა პოლიტიკური შეფასებები. მედიის თავისუფლების აუცილებლობას ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ახსენებდნენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. საკუთარ გამოსვლებში დიპლომატები რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობის და არსებული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე აკეთებდნენ აქცენტს.

რუსთავი 2-ის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება. კომპანიის ბედი სამართლებრივად ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხელშია. მათ არჩევანი ორ ვარიანტს შორის აქვთ - ან დაყვებიან ზეწოლას და ხელს პოლიტიკურ დოკუმენტს მოაწერენ, ან იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით და სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები