26 თებერვალი 2017,   13:59
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის შესახებ პრეზიდენტთან და პრემიერთან ვილაპარაკეთ, გზავნილი გადავეცით გარკვევით და ხმამაღლა - ამერიკელი სენატორები

ამერიკელმა სენატორებმა საქართველო დატოვეს. თუმცა, მათ დღის ბოლოს ვიზიტი შეაჯამეს და ყველა იმ თემაზე გააკეთეს კომენტარი, რომელზეც საუბარი ოფიციალურ შეხვედრებზე შედგა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში არსებული მედია გარემო იყო.

“ჩვენ ვილაპარაკეთ მედიის თავისუფლებაზე და ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განცხადა ჯონ მაკკეინმა.

პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ამერიკელმა სენატორმა ემი კლობუშარიმაც. მისი თქმით, მედია ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განიხილეს.

"თავისუფლება გულისხმობს პრესის თავისუფლებას, როდესაც გაქვს მედია, რომელიც განიცდის ზეწოლას არ შეუძლია ამბები მოიკვლიოს, დასვას შეკითხვები, ვერ გექნება ნამდვილი დემოკრატია. პოლიტიკოსებს ყოველთვის არ მოგვწონს როდესაც რთულ შეკითხვებს გვისვამენ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ არსებობს საკითხები საქართველოშიც, ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ საქართველოშიც მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას, ეს საკითხი ჩვენს ყველა შეკითხვაზე წამოვწიეთ,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ემი კლობუშარიმ.

საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და ამერიკელი სენატორების შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები და მიმდინარე სასამართლო დავა იყო განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა.

როგორც ვიზიტის დასასრულს სენატორმა ლინდსი გრემიმ განაცხადა, მათ მკაფიოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვილაპარაკეთ რუსთავი 2-ის შესახებ პრეზიდენტთან და პრემიერთან. ვთქვით, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დამოუკიდებელ მედიას გზას უჭრის და დარტყმას აყენებს. ვიცით სასამართლო სარჩელის შესახებ, გადავეცით მკაფიოდ ამერიკელთა პოზიცია საქართველოს მთავრობას, რომ უკუსვლის დრო არ არის, როდესაც საქმე ეხება მედიის თავისუფლებას. იმედია მოისმენენ ჩვენს გზავნილს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ გზავნილი გადავეცით გარკვევით და ხმამაღლა,“ - აღნიშნა აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემიმ.

 

დღის ამბები