16 იანვარი 2017,   14:56
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის წევრები 20 იანვრის ყრილობას მხარდაჭერას უცხადებენ

ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წევრები განცხადებას ავრცელებენ და 20 იანვრის ყრილობას მხარდაჭერას უცხადებენ. განცხადებას ხელს პარტიის 37 წევრი ქალი აწერს. მათ შორის არიან ნაციონალური მოძრაობის ქალთა რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატები.

მათი განცხადებით, პარტიის რაიონული ორგანიზაციების ნაწილში ყრილობისთვის დელეგატების შერჩევა უკვე დასრულებულია.

"ეს პარტია ყოველთვის ეკუთვნოდა და დღესაც ეკუთვნის იმ მრავალათასიან მხარდამჭერებს, 500 ათას ადამიანზე მეტს, რომელმაც ხმა მისცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 10 ათასობით წევრს, რომელსაც ვერავინ წაართმევს იმის უფლებას, რომ თავად გადაწყვიტონ პარტიის მომავალი. ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, 20 იანვარს იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სამომავალოდ როგორ გავაძლიეროთ ქალთა ორგანიზაცია. ჩვენ ვადასტურებთ, ქალთა ორგანიზაციის სახელით, რომ სულად ვართ ჩართული 20 იანვრის ყრილობის მომზადებაში," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, მარინა დათუკიშვილის, თქმით, ყრილობა იქნება ლეგიტიმური და მასზე მიიღება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც იმედს იძლევა, რომ 20 იანვრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა იქნება უფრო სახალხო და გამჭვირვალე. 

დღის ამბები