29 მარტი 2017,   21:03
ვრცლად
რომელ ორგანოს უნდა ჰქონდეს წვდომა ფარულ მოსმენებთან - უთანხმოება "ეს შენ გეხებასა" და უმრავლესობას შორის

პარლამენტის სამუშაო ჯგუფი კანონზე მუშაობას იწყებს. თვის ბოლომდე დეპუტატებმა ისეთი კანონპროექტი უნდა წარადგინონ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ანუ განსაზღვრონ, ვის ჩაბარდება საბოლოოდ მოსმენების გასაღები. დღეს ამ პრივილეგიას უსაფრთხოების სამსახური ფლობს.

ე.წ. მოსმენების გასაღების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანას სუსი ეწინააღმდეგება. განცხადება პარლამენტში კანონთან დაკავშირებული პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა. 

მესამე სექტორში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფარული მიყურადება დღეს მოქმედი ფორმით ვერ გაგრძელდება და კანონში ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. არასამთავრობოები უმრავლესობას გამოსავალს სთავაზობენ, რომელიც დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას გულისხმობს. ეს შენ გეხებას ინიციატივის მიხედვით, ამ სააგენტოს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომა ექნება.

მესამე სექტორის მოთხოვნას არ იზიარებს მმართველი პარტია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ფარული მიყურადება დამოუკიდებელი სააგენტოს მეშვეობით არცერთ ქვეყანაში არ ხორციელდება. ქართული ოცნება ეს შენ გეხებას მოთხოვნების მხოლოდ იმ ნაწილს თანხმდება, რომელიც მოსმენების განმახორციელებელ უწყებაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას გულისხმობს.

ეს შენ გეხებას ინიციატივის მიხედვით ითხოვენ კანონში ცვლილებების შეტანას უმცირესობაში. ნაციონალურ მოძრაობაში სუს-ის მხრიდან ფარული მიყურადების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობენ.

ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებებით გადაიხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებებიც. პრეზიდენტი კი უმრავლესობას ფარული მიყურადების იმ პრაქტიკას ახსენებს, რომელიც წლებია, ქვეყნაში პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენება.

ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიტანოს. 

 

 

 ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ქეთი ნადიბაიძე. 

 

 

დღის ამბები