31 მარტი 2017,   04:34
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა, არ გაგვიუარესდეს ის პირობები, რაც დღეს გვაქვს გაზპრომთან - გია ხუხაშვილი

ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომთან მოლაპარაკებებს მისკში აწარმოებს. შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა თბილისში ვარაუდობენ, რომ რუსული ენერგოგიგანტის პოზიცია წელს გაცილებით მკაცრი იქნება. გასულ წელს მოსკოვის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური თანხით აენაზღაურებინა. რა პირობებით გაგრძელდება კონტრაქტი გაზპრომთან, ეს უკვე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კალაძე თბილისში დაბრუნდება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებისთვის, არ არის გამორიცხული, საქართველომ გარკვეული პოლიტიკური ფასიც გადაიხადოს. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ სომხეთთან უნდა გააკეთოს კოორდინირება.

გაზპრომი საქართველოს, როგორც ტრანზიტს, სომხეთში გამავალი გაზის 10%-ის სანაცვლოდ თანხის გადახდას სთავაზობს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სახიფათოა, მთავარი ამოცანა კი არსებული პირობების შენარჩუნება უნდა იყოს.

„როგორ მოიქცევიან წელს, ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ამ ბოლო პერიოდში მომძლავრდა და უფრო ამბიციური გახდა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არ გაგვიუარესდეს ის პირობები, რაც დღეს გვაქვს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მთავრობას ქვეყნის ინტერესების დაცვას ურჩევს საპარლამენტო ოპოზიციაც. მათი აზრით, საქართველოს რუსეთთან მომგებიან პოზიციაში დარჩენის ყველა რესურსი აქვს.

რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მომზადებამდე კი ძველი პირობები იმოქმედებს, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე გაზპრომისგან სომხეთისკენ გამავალი გაზის 10%-ს იღებს.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები