29 მარტი 2017,   21:03
ვრცლად
აშშ-ში რუსეთის დასჯის მიზნით ორ ახალ კანონპროექტზე იმსჯელებენ

საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევის საქმის გამოძიებისა და რუსეთის დასჯის მიზნით ამერიკელი კონგრესმენები ორ ახალ კანონპროექტზე იმსჯელებენ. დემოკრატებს 12-კაციანი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა სურთ, რომელიც კიბერთავდასხმებს 11 სექტემბრის ტერაქტის მსგავსი პრინციპით გამოიძიებს.

ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დაზვერვის სამსახურების მოხსენება რუსი ჰაკერების ქმედებებზე უტყუარ ინფორმაციას მოიცავს და დონალდ ტრამპის რეაქციას ელოდებიან.

დოკუმენტის 25-გვერდიან საჯარო ვერსიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსი ჰაკერების მოძიებულ მასალას რუსული დაზვერვა გასაჯაროების მიზნით ვიკილიქსს გადასცემდა. ვიკილიქსის დამაარსებელმა მოხსენებას დაზვერვის სამსახურებისთვის სამარცხვინო უწოდა.

დონალდ ტრამპისადმი სიმპათიებს არ მალავენ კრემლშიც. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ მტკიცებულებების გასაჯაროება ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იქნება.

რუსეთის კიბერთავდასხმებზე ღია განცხადებას ობამას მხრიდან 35 რუსი დიპლომატი ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა. მომდევნო ნაბიჯებზე ვაშინგტონში უკვე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც დაზვერვის 4 მთავარი უწყების ხელმძღვანელს მოუსმენენ. 

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები