18 იანვარი 2017,   14:03
ვრცლად
პუტინს აქვს ფული და ძალიან ბევრი პირადი ინტერესი ამერიკაში - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთის ჩარევა ამერიკის საარჩევნო პროცესში ამერიკული მედიის მთავარი თემაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკომპანიებს CNN-სა და MSNBC-ის სტუდიაში რამდენჯერმე ჰყავდათ მიწვეული მიხეილ სააკაშვილი.

ამერიკელი ჟურნალისტები პირადაპირ ეთერში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პუტინის მტრად და დონალდ ტრამპის მეგობრად მოიხსენიებენ.

წამყვანებმა მიხეილ სააკაშვილს შეკითხვები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის კიბერ თავდასხმების გამოცდილებასა და დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე დაუსვეს.

„მთავარი კითხვა აქ ისაა, რომ, თუ ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რატომ არ მოსთხოვა ადმინისტრაციამ პასუხი პირადად მას? ერთი საქმეა დიპლომატების გაძევება, მაგრამ პუტინს აქვს ფული და ძალიან ბევრი პირადი ინტერესი ამერიკაში. შეერთებულ შტატებს ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს მისწვდეს და რატომ არ გამოიყენა ეს მეთოდები? მე ვიცი, რომ პუტინი ბოროტებაა. ვიცი, რომ მას შეუძლია ხალხის მოკვლა, გააჩნია გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში მოხდა.

"როგორც ვხედავ, კგბ-ს ხრიკებმა ვერ შეცვალეს საზოგადოებრივი აზრი ამერიკაში. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელია, როცა ამერიკა არის ძლიერი და მტკიცე. დონალდ ტრამპს აქვს ძლიერი პრინციპები და პიროვნული თვისებები. რაც ყველაზე მთავარია, მისით მანიპულირება შეუძლებელია. მას ვერ ჩაითრევ საქმეში, რომელიც დააზარალებს ამერიკის ინტერესებს. მე ამისი მტკიცედ მწამს და ამიტომ ვფიქრობ, რომ პუტინი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ვიდრე მას წარმოუდგენია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა ასევე იმას, თუ რა საერთოს ხედავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსა და ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებში.

„რუსეთი ჩაერია არამხოლოდ საქართველოს საარჩევნო პროცესში, არამედ უკრაინაში და ბალტიის პირეთის ქვეყნების არჩევნებშიც, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპას ეხება ეს. ამ კუთხით ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი დრო დასჭრიდა დაზვერვის სამსახურს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგის მთავარ თემა გამხდარიყო. ჩვენ გამუდმებით ვაწვდიდით ინფორმაციას ამერიკელ მეგობრებს ამის თაობაზე, მაგრამ ერთადერთი პასუხი ვაშინგტონიდან იყო ის, რომ თქვენი რეაქცია გადამეტებულია, დამშვიდდით და დაუბრუნდით დემოკრატიულ პროცესს. ამას დაგიდასტურებთ ბარაკ ობამაც,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები