20 თებერვალი 2017,   01:03
ვრცლად
მნიშვნელოვანი
რომან გოცირიძის აზრით, რუსეთი მცოცავ ეკონომიკურ ანექსიას განგრძობს

ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას „კაპიტულანტურს“ უწოდებს. ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ხელშეკრულება გაზპრომთან არ უნდა გააფორმოს.

რომან გოცირიძის აზრით, ხელისუფლება რუსეთის ზეგავლენას განიცდის.

„მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას გაზპრომთან, ეს არის კაპიტულანტური ქმედება, ეს არის დანაშაული. მე შემიძლია განვაცხადო თამამად, რომ საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლება, ვინაიდან, არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ ხელშეკრულების ამ ფორმით გაფორმებისა. 15 წელია მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლო ხელშეკრულება, რომლის შეცვლა გაზპრომმა მძიმე პერიოდშიც ვერ მოახერხა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის რუსეთისგან ზეგავლენას. ეს იმას ნიშნავს, რო მათ ასევე აქვთ პირადი ინტერესი. ხვალ უკვე სამიზნე იქნება თბილგაზი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყაზ-ტრანს გაზმა რუსეთს მიყიდოს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა. შემდეგი სამიზნე იქნება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. ფაქტობრივად, გრძელდება მცოცავი ეკონომიკური ანექსია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სერგი კაპანაძის აზრით, ეს ხელშეკრულება ნიშნავს რუსეთთან მიმართებაში არსებული ბერკეტის გაშვებას და ხელისუფლება რუსეთს საქართველოზე ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტს აძლევს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები