18 იანვარი 2017,   14:06
ვრცლად
„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება" - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ოფისში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ საბოლოო ჯამში „ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდება.“

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება და ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და ეს არ ეხება მხოლოდ კანაფს და მარიხუანას. ზოგადად, არცერთი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ამ ქვეყანაში ადამიანებს არ უნდა სჯიდნენ, არანაირი ფორმით,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ის მარიხუანასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლეგალური უნდა იყოს და მიიჩნევენ, რომ 2017 წლისთვის არ არსებობს სხვა უფრო ეფექტური ფორმა, რომელმაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრა მოახდინოს და დაასაქმოს უამრავი ადამიანი და გააჩინოს შემოსავალი ბიუჯეტისთვის.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს მათ ოფისში მოხდა, ამგვარ სცენარს ელოდნენ. მისი თქმით, ეს დასასრული არ არის და მხოლოდ დღეს დაიწყო გარკვეული პროცედურები, რომელსაც მისი თქმით, სავარაუდოდ ექნება კიდევ გაგრძელება.

„როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ და გაცნობიერებულად გადავდგით ის ნაბიჯი, რაც გადავდგით 31 დეკემბერს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში 31 დეკემბრის დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს.

დღის ამბები