18 იანვარი 2017,   13:58
ვრცლად
ხელისუფლება "გაზპრომის" მოთხოვნას დათანხმდა - ხელშეკრულების მთავარი პირობა იცვლება

ხელისუფლება გაზპრომის მოთხოვნას დათანხმდა და ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად რუსეთის სახელმწიფო ენერგო კომპანიასთან ხელშეკრულება შეიცვლება. ქართული მხარე მზად არის გაზპრომის დაყენებული პირობები შეასრულოს, რაც სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას გულისხმობს.

კახა კალაძის განმარტებით, გაზპრომთან 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. აქედან საქართველო 2017 წელს ბუნებრივ აირს ნაწილობრივ ნატურით და ნაწილობრივ კი ფულადი ანაზღაურებით მიიღებს, 2018 წელს კი ტრანზიტში გაზპრომი მხოლოდ თანხას გადაიხდის.

ამ დრომდე გასაიდუმლოებულია რა თანხას მიიღებს საქართველო, სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსული ენერგოგიგანტი კვლავ ტრანზიტის 10% - ის ანაზღაურებას აპირებს.

ხელშეკრულებაში ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი პირობა ჩაიდება. თუ საქართველოს გაზპრომიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა დასჭირდება, ამაში ქვეყანა 185 დოლარს გადაიხდის. საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლების გადაწყვეტილება და გაზპრომის პირობებზე დათანხმება, რუსეთის ეკონომიკურ ანექსიად შეაფასა.

პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამტკიცებს, რომ მთავრობის მხრიდან მოლაპარაკების დროს სახელმწიფო ინტერესები დაცული იყო.

ექსპერტების ნაწილი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს. მათი თქმით, მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რის სანაცვლოდ დათანხმდა რუსულ ენერგოგიგანტს ხელშეკრულების პირობების რადიკალურად შეცვლას.

ოფიციალური მოსკოვისთვის რომ გაზპრომი პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია, მთავრობას არასაპარალმენტო ოპოზიციაშიც შეახსენეს. სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს ყოფილი პრემიერის გაზპრომთან კავშირიც გაიხსენა. 

როდის გაფორმდება გაზპრომთან ახალი ხელშეკრულება, დღეს ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. კახი კალაძე დოკუმენტზე ხელმოსაწერად სავარაუდოდ, კვლავ მესამე ქვეყანაში ჩავა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი, თამთა დოლენჯაშვილი 

დღის ამბები