18 იანვარი 2017,   14:07
ვრცლად
"გირო კრედიტის" ხელმძღვანელი პოლიციელებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

არაადამიანური მოპყრობა და განზრახ უკანონო დაკავება - სწორედ ამ მუხლებით ითხოვენ გირო კრედიტის ხელმძღვანელის უფლებების დამცველები გამოძიების დაწყებას. გიორგი გუგუმბერიძემ დღეს პრესკონფერენციაზე დეტალურად მოყვა იმ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელსაც მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცველები მისგან ოფისის გარე კამერების ჩანაწერებს ითხოვდნენ. გუგუმბერიძის განცხადებით, პოლიციის მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან მათ არც სასამართლოს განჩინება და არც პროკურორის დადგენილება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, საჭირო დოკუმენტაციის ქონის აუცილებლობაზე მითითებამ პოლიციელები გააბრაზა.

გირო კრედიტის ხელმძღვანელის დაკავების კადრები მისმა ოჯახის წევრმა მობილური ტელეფონით გადაიღო.

გუგუმბერიძის განცხადებით, განსაკუთრებით აგრესიულად სამართალდამცველები მას დაკავების შემდეგ ექცეოდნენ. პოლიციის შენობაში მიყვანისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა პირადად პოლიციის უფროსმა მიაყენა. გუგუმბერიძე აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისასაც დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუგუმბერიძეს განაცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას სამსახურებრივი შემოწმება აქვს დაწყებული.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები