27 თებერვალი 2017,   19:45
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ლარიზაციის პროგრამა“ - 33 ათასამდე სესხი შესაძლოა ეროვნულ ვალუტაში გადავიდეს

მთავრობამ ლარის გასამყარებლად შემუშავებული გეგმის განხორციელება დაიწყო. ბანკების მიერ გაცემული დოლარის 33 ათასამდე მსესხებელს შესაძლებლობა აქვს ეროვნულ ვალუტაზე გადავიდეს, რამდენიმე დღეში ასევე ძალაში შევა შეზღუდვა, რითაც ასი ათასამდე სესხის გაცემა მხოლოდ ლარში იქნება ნებადართული.

ეროვნულ ბანკში ჯერ-ჯერობით ვერ აკეთებენ პროგნოზს, რამდენად სწრაფი ეფექტი ექნება გეგმას, რომელსაც მთავრობა ლარის გაუფასურების პროცესს უპირისპირებს.

თუ მოქალაქეს სესხი აღებული აქვს 2015 წლის პირველ იანვრამდე და წლის განმავლობაში მისი შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატებოდა, სესხის გალარების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან ბანკს თითო დოლარზე კურსს შორის სხვაობიდან 20 თეთრი ჩაერიცხება. მთვრობის მოლოდინით, ამ პროცესში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მომხმარებლები, რომლებსაც სესხების გალარება შეეხებათ, ბანკისგან შეტყობინებას სიახლის ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში მიიღებენ. უცნობია ბანკები სესხის ლარში გადატანისას რა პროცენტს შესთავაზებენ მომხმარებლებს და რამდენად მომგებიანი იქნება სესხის ლარში გადაყვანა.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ვერც სესხების გალარებით და ვერც დედოლარიზაციის გეგმით მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის დასატბილურებას ვერ შეძლებს. მათი აზრით, ხელისუფლებამ ამისათვის ძალისხმევა ეკონომიკის ზრდაზე უნდა მიმართოს.

სახელმწიფო სუბსიდიის მიღება ნებაყოფლობითი და ერთჯერადია. 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები