18 იანვარი 2017,   14:07
ვრცლად
პროცესები "ენმ"-ში - ხვალ შესაძლოა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს

ხვალ შესაძლოა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს - ნაციონალური მოძრაობის ის ჯგუფი, რომელიც პარტიას ტოვებს, პოლიტიკურ ცხოვრებას სხვა ორგანიზაციის სახელით განაგრძობს.  

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნაწილი ადასტურებს, რომ ახალი გაერთიანების შესახებ განცხადებები პარტიაში ხვალ გაკეთდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანება შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის ბლოკში შემავალ პარტია ევროპულ საქართველოსთან, ან ახალი სახელწოდების ქვეშ მოხდეს. ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ნაციონალური მოძრაობის ის წევრები, ვინც პარტიაში რჩება და 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადება.

მას შემდეგ, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ორი დაპირისპირებული ჯგუფის გეგმების შემდეგ საბოლოოდ გახდება ცნობილი, პარტიის საპარლამენტო ფრაქცია შეკრებას გეგმავს. რამდენიმე დღით გადადებული სხდომა 13 იანვარს გაიმართება.

ფრაქციის ნაწილში ადასტურებენ, რომ სხდომაზე ერთერთი მთავარი საკითხი ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების და ფრაქციის სახელწოდების ცვლილების საკითხი იქნება.

13 იანვარს ფრაქციის სხდომაზე მისვლას არ აპირებს ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია. 

ხვალიდან საპარლამენტო სიაში აღარ იქნება პარტიის ის რამდენიმე წევრი, რომელთა ამოღების შესახებ წერილით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ცესკო-ს ეს საკითხი 3 დღის ვადაში უნდა განეხილა, სხვა შემთხვევაში კი, წინადადება განცხადების რეგისტრირებიდან 3 დღის შემდეგ ავტომატურად დაკმაყოფილდა.

ნაციონალური მოძრაობის ერთიან სიაში ცვლილებების შესახებ საბოლოოდ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი.

ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს პარტიის მოქმედი აღმასრულებელი მდივანი. მიუხედავად ამის, სერგო რატიანმა დღეს განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად სპორტის სასახლეში თანხის გადარიცხვა უახლოეს დღეებში იგეგმება.

ავტორი: ანა წერეთელი 

 

 

 

დღის ამბები