30 მარტი 2017,   02:54
ვრცლად
ელისო კილაძე დაკითხვაზე - ომბუდსმენის აპარატი კილაძის წინააღმდეგ განცხადების შეტანას უარყოფს

ქრონიკა +-ის მთავარი რედაქტორი კვლავ დაკითხვაზე იმყოფებოდა - ელისო კილაძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე სახალხო დამცველის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. საქმე კილაძის მიერ აგვისტოში გასაჯაროებულ ე.წ. ციხის კადრებს ეხება.

ჟურნალისტის ცნობით, ნანუაშვილის მიერ პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაში საუბარია რომ კილაძემ, კადრების სრული ვერსიის გასაჯაროებით, ერთერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას სახალხო დამცველმა მის წინააღმდეგ ხელისუფლების მოთხოვნით მიმართა, რაც მიზნად ქრონიკა +-თვის პრობლემების შექმნას ისახავს.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინონ. 

პროკურატურაში კილაძის წინააღმდეგ განცხადების შეტანას კატეგორიულად გამორიცხავენ სახალხო დამცველის ოფისში. თუმცა, ადასტურებენ რომ ე.წ. ციხის კადრების სრული ვერსიის გავრცელების შემდეგ, ომბუდსმენის ოფისმა საგამოძიებო უწყებას პირველად აგვისტოში, კადრების ინტერნეტ სივრციდან ამოღების მოთხოვნით, მეორედ კი, ნოემბერში იგივე მოთხოვნით ერთერთი ყოფილი პატიმრის წერილის საფუძველზე მიმართა.

პროკურატურაში არ საუბრობენ, თუ რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის განმავლობაში კილაძის მიერ გავრცელებული კადრების დაბლოკვა ინტერნეტსივრცეში, სახალხო დამცველის არა ერთი მიმართვის მიუხედავად.

ე.წ. ციხის კადრების სრული ვერსია გაზეთ ქრონიკა +-ის რედაქტორმა 2016 წლის აგვისტოში გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, მასალით მტკიცდება, რომ ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ე.წ. ციხების კადრები დადგმულია.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები