18 იანვარი 2017,   14:05
ვრცლად
CNN-ის ცნობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე - ინფორმაციას მოსკოვში უარყოფენ 

რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს - ეს ინფორმაცია CNN-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს პირველად უპასუხა.

არჩეულმა პრეზიდენტმა მედიას აცნობა, რომ ბიზნესის სფეროს ტოვებს, თუმცა მთავარი თემა, რომელიც პრესკონფერენციაზე წამოიჭრა რუსეთის კიბერთავდასხმებსა და დაზვერვის სამსახურის ბოლო ანგარიშს შეეხებოდა.

დონალდ ტრამპი ამ საკითხს პრესკონფერენციამდე twitter-ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. არჩეულმა პრეზიდენტმა მოსკოვთან კავშირი უარყო და კომპრომატების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბე უწოდა.

კომპრომატების არსებობა მოსკოვშიც უარყვეს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს სიცრუე და მაკულატურა უწოდა.

35 გვერდიანი ანგრიშის გასაიდუმლოებული ნაწილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპზე პირადული და ფინანსური სახის კომპრომატებს ფლობდა, არჩეულ პრეზიდენტს დაზვერვის სააგენტოების ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გააცნეს.

ორგვერდიან დოკუმენტში საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთმა კიბერთავდასხმების შედეგად, ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მოაგროვა კომპრომატი, მაგრამ გაავრცელა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰილარი კლინტონი და დემოკრატიული პარტია დააზარალა.

გასაიდუმლოებული ნაწილი მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ტრამპის წარმომადგენლებს კამპანიის დროსაც ჰქონდათ კომუნიკაცია რუს მედიატორებთან. 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე 

დღის ამბები