31 მარტი 2017,   04:35
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა პრეზიდენტის სიძეზე - ინტერვიუები თვითმხილველებთან

პრეზიდენტის სიძეზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით მომხდარს წინ უძღვოდა დაპირისპირება გოგოჭურს, მის მეგობარ თათრიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის, რის შემდეგაც გოგოჭური მიხეილ თათრიშვილთან ერთად ბალანჩივაძის ქუჩაზე გაემგზავრა, სადაც მათ ესროლეს.

როგორც ცნობილია სწორედ ამ მისამართზე ცხოვრობს მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი. მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ ტყვიების კვალი ეტყობა. საგამოძიებო მოქმედებები მთელი რამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ ეტაპზე სამართალდამცველებმა ბალანჩივაძის ქუჩა დატოვეს.

მომხდარს იხსენებენ თვითმხილველებიც.

„სროლა გავიგე დაახლოებით 9 საათზე, ზედიზედ იყო რამოდენიმე გასროლის დმა, სადღესასწაულო ფეიერვერკებს მივამსგავსე და აღმოჩნდა რომ აქ მომხდარა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გოგოჭურზე მომხდარი თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე მანქანა დაზიანდა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იდგნენ.

„ანაზღაურების თემაზე ვაპირებ საუბარს და იმედია რომ კომპენსაცია იქნება. მე როგორც ვიცი პრეზიდენტის სიძე თავად არის დაზარალებული და შესაბამისად ვინც ესროლა პრეტენზია იმასთან იქნება, ვინც ტყვია მოახვედრა მანქანას“- აცხადებს დაზიანებული მანქანის პატრონი. 

მინდია გოგოჭური მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 2016 წლის ივლისში  მოექცა, როდესაც პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მის სიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მაშინ მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პირველად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივნისში გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მომხდარზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა. გოგოჭური პროკურატურაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტის სიძის ადვოკატი აცხადებდა, გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას სამართალდამცველებმა უხეში დარღვევები განახორციელეს და ადგილი ჰქონდა კანონის უგულვებელყოფას. 

დღის ამბები