18 იანვარი 2017,   13:59
ვრცლად
დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრეს

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.  

სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეიტანა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ განვითარებაზე, რაც საქართველოშია. მე მას მივაწოდე სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ასევე იმ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.  

თავის მხრივ, ჯონ ქერიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. 

დღის ამბები