24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი - მომხრეები და მოწინააღმდეგეები

რესპუბლიკური პარტია ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებისა და საპატრიარქოს კავშირები არაჯანსაღ ფორმას იძენს და სულ უფრო ბუნდოვანია, რა მიზნით გადაეცემა მილიონობით ლარი თუ ქონება ეკლესიას.

ოპოზიცია ხელისუფლებისა და ეკლესიის გამიჯვნას და საფინანსო საკითხების მხოლოდ კონკორდატით გათვალისწინებული კომპენსაციით დარეგულირებას მოითხოვს.

რეპუბლიკელებმა დღეს რიცხვები დაასახელეს, რომლებიც არა მხოლოდ რეესტრის, არამედ ორგანიზაცია EMC-ს კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც 2002 წლიდან დღემდე პირდაპირი სუბსიდიის სახით, ბიუჯეტიდან ეკლესიამ 250 მილიონი ლარი და მილიონ-ნახევარ ჰექტარზე მეტი მიწა მიიღო.

ურთიერთობის ეს ფორმა სპეციალისტების თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებიდან გადის და ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ეჭვებს აღრმავებს.

ეკლესიისა და ხელისუფლების არაჯანსაღ ურთიერთობაზე რესპუბლიკელების თქმით, პრემიერის განცხადებაც მეტყველებს, რომელიც მან დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ გააკეთა. ოპოზიცია მთავრობის მეთაურისა და მეუფე იაკობის კავშირებზეც მიუთითებს.

მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს გავლენებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე და პრემიერის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასაც. უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტიის პოზიცია მიუღებელია.

საპატრიარქოს აუდიტის სამსახურისთვის არ მიუმართავს. კომენტარი ოფიციალურად ეკლესიის სახელით, დღეს არც რესპუბლიკელების მოთხოვნაზე გაკეთებულა.

დღის ამბები