31 მარტი 2017,   04:29
ვრცლად
შატბერაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

შატბერაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.  როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა განაცხადა, დაჭრილი ამ დრომდე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში  რეანიმაციული განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.  ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს.

„პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა. ინახა გულ-მკერდის ღრუ, იმის გამო რომ მრავლობითი ჭრილობები იყო ფილტვზე, დაფლეთილი ჭრილობის გამო სისხლნაჟღენთები იყო მასიურად, რაც ქმნის ასევე დამატებით რისკფაქტორს. ამჟამად მდგომარეობა რჩება ისევ მძიმე. ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე,“-განაცხადა ქირურგმა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე განხორციელდა.

ვაკეში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება ინტერპოლის თანამშრომლის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები