24 თებერვალი 2017,   07:42
ვრცლად
ბრიფინგზე, რაც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, უკვე ვხედავთ, რომ მათი პოზიციები იცვლება - დეკანოზის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და კონკრეტული უწყებების მხრიდან მამა გიორგის უდანაშაულობის პრეზუმცია არა ერთხელ დაირღვა. მათი აზრით, ყინული დაიძრა და სიმართლე ნელ-ნელა გამომჟღავნდება. 

დღეს საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე, პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობა გამორიცხა.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს მამა გიორგი მამალაძესთან მატროსოვის ციხეში იყო მისული.

„მას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მაღალი ორგანოები იყვნენ თავდაპირველად შეცდომაში შეყვანილი, რაც გუშინ გავაჟღერე და მემგონი, დღეს უკვე მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ეს ნათლად ჩანს და მისი სურვილია და იმედია, რომ ეს ყინული, რაც დაიძრა ნაწილობრივ, იქნება სწორად აღქმული და ბოლომდე გაერკვევიან ხელისუფლების ორგანოები მის უდანაშაულობაში და ეს, რაც პირველ დღეებში დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია, ის იქნება აღმოფხვრილი, ეს არის მისი პოზიცია. ის მიესალმება თუნდაც დღევანდელ განცხადებებს, უფრო პოზიტიურს მის მიმართ,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

მისი აზრით, პროკურატურის ბევრი არგუმენტი და პოზიცია პირველი ბრიფინგის შემდეგ იცვლება.

„ბრიფინგზე, რაც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, უკვე ვხედავთ, რომ ბევრ ტერმინთან, არგუმენტთან და შინაარსთან მათი პოზიციები იცვლება და მე ერთადერთ რამეში გარწმუნებთ, რომ რაც დრო გავა, ეს ყინული უფრო დაიძვრება მარტივი მიზეზის გამო, მათ მიერ წამოყენებული არგუმენტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ვთქვი ეს პირველსავე დღეს, თანდათანობით ეს იკვეთება კიდევაც,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები