27 მარტი 2017,   08:51
ვრცლად
სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინი და გააქტიურებული ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშის იურისტი პაატა სალია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. ქიბარ ხალვაშის იურისტი ამბობს, რომ ჩრდილიდან გამოსვლა და პოზიციის საჯარო დაფიქსირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ გახდა ცნობილი.

პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები ტელეკომპანიის ზეწოლის ან გავლენის ქვეშ იყვნენ. ის ამბობს, რომ 140-გვერდიან დოკუმენტში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტია, ეს კი მისთვის რუსთავი 2-ის საქმის მიმართ მოსამართლეთა დამოკიდებულების განსაზღვრის მაჩვენებელია.

რუსთავი 2-ის იურისტებისთვის პაატა სალიას დღევანდელი განცხადებები ერთგვარი აღიარებაა. თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის იურისტის მიერ დასმული აქცენტები ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა.

კომპანიის ადვოკატების შეფასებით, ქიბარ ხალვაშის იურისტი საჯარო განცხადებებით არასასურველი მოსამართლეების დისკრედიტაციას ცდილობს. რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ ეს კამპანია საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს.

ორივე მხარე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ქვეყნის ბოლო ინსტანციაში კი ჯერ ისიც არ აქვთ გარკვეული, რომელი მოსამართლეები შევლენ დიდი პალატის შემადგენლობაში, რომლებმაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ბედი უნდა გადაწყვიტონ.

დღეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაიკითხა. ხვალ კი დაკითხვაზე საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა დაბარებული.

 

დღის ამბები