27 მარტი 2017,   08:45
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციაში კითხვის ნიშნებს აჩენს

ე.წ. ციანიდის საქმეზე საპარლამენტო ოპოზიცია პროკურატურისგან საქმის მასალების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს. პროკურატურის დღევანდელი განცხადების შემდეგ, დეპუტატებისთვის გაუგებარია, რის გამო და რის საფუძველზეა დაკავებული ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული.

პოლიტიკურმა ოპონენტებმა პარლამენტში დღეს მმართველი გუნდის ლიდერების მიერ სკანდალური საქმის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებები წარმოადგინეს და მთავრობა და პროკურატურა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს.

საგამოძიებო უწყებისგან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან პოლიტიკური ოპონენტები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყებისა და მმართველი გუნდის ლიდერების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები გამოძიების ობიექტურობისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვებს აღრმავებს.

მმართველი გუნდის მიმართ გაჩენილ კითხვებს დღეს პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში უპასუხა. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დღეს პროკურატურას ახალი არაფერი უთქვამს, ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციაზე პასუხიმგებლობას კი მედიას აკისრებს.

მმართველი გუნდის ლიდერმა ეთერში მისი თანაგუნდელების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებებიც განმარტა.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალდების მხარისგან საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებას, დაცვის მხარისთვის კი გაუთქმელობის პირობის გაუქმებას მოითხოვენ. გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებაზე ბრალდებულის ადვოკატებს პასუხი პროკურატურისგან ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები