27 მარტი 2017,   08:51
ვრცლად
კერძო სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგობას ჯანდაცვის მინისტრი ბრალდებებით პასუხობს

კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალი გეგმის წინააღმდეგ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის შედეგად კერძო კომპანიები გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. დადგენილების თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მოსახლეობა იძულებულია არჩევანი საყოველთაო და კერძო დაზღვევებს შორის გააკეთოს, რაც ავტომატურად ბაზრიდან კერძო კომპანიების გაძევების წინაპირობა გახდება.

ბაზარზე არსებული 5 ყველაზე მსხვილი კომპანია მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართავს და დადგენილების შეჩერებას ითხოვს.

მთავრობის მიერ დადგენილების მომზადებამდე ბენეფიციარები ე. წ ”დაშენებული” სადაზღვევო სისტემით სარგებლობდნენ. პაციენტს საშუალება ჰქონდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით ესარგებლა.

კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ საყოველთაოს არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეებს საკუთარი ჯიბეებიდან მოუწევთ იმ სერვისების დაფინანსება, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ ანაზღაურებს. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები, სტომატოლოგიური მომსახურება და ა.შ. ამ ფონზე კი, კერძო კომპანიებში ფასების ზრდას აანონსებენ.

დემარში და დრამატული განცხადება - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა სადაზღვევო კომპანიების ერთობლივ მოთხოვნას. დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიას გაუმჭვირვალე სისტემის შექმნაში ადანაშაულებს.

მინისტრი ამბობს, რომ არა ერთი შეთანხმების მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიებმა სამინისტროს ბენეფიციართა მონაცემების ბაზების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, რითაც პროცესს ხელოვნურად ფინანსური დაინტერესებისთვის აჭიანურებენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დადგენილება სახელმწიფო და კერძო დაზღვევების გამიჯვნის შესახებ 9 თებერვალს მიიღო. ის ძალაში მარტიდან შევა.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები