30 მარტი 2017,   02:55
ვრცლად
ნებისმიერი განცხადება, გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, დამაზიანებელია თავად გამოძიებისთვის - ირაკლი კობახიძე

ე.წ. ​ციანიდის საქმე - ოპოზიცია მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო ფარსი.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებით, საქმეზე მიმდინარე გამოძიებამ სანდოობა საბოლოოდ დაკარგა.

„გამოდის, რომ არც პატრიარქზეა საუბარი, აღარც უმაღლეს საეკლესიო იერარქებზე და თურმე საერთოდ შორენა თეთრუაშვილზეა და ბოლოს შეიძლება რომელიღაცა კარისკაცამდე ჩავიდნენ, რომელიც ბერლინში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივია, სანდოობა ამ გამოძიების და მთლიანად ამ წარმოდგენის არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩიხი, სადაც შევიდა მთავრობა და  დღევანდელი განცხადებებიდან რაც ჩანს, არ აპირებენ ამ ჩიხიდან გამოსვლას,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული დეტალებისა და მტკიცებულებების გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს ნაციონალურ მოძრაობა. პარტიაში აცხადებენ, რომ პროკურატურამ, პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების ლიდერებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„ყველა ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ჰქონდა ღრმა რწმენა, რომ საუბარია პატრიარქზე და უმაღლეს სასულიერო პირზე. დღეს, როცა პროკურატურა და ქართული ოცნება საუბრობს, რომ იცით რა სასულიერო პირი არაფერ შუაში არ არის, როგორც მინიმუმ ეს არის შემთხვევა, რომ პრემიერმინისტრი, პროკურატურა და მთელი ქართული ოცნება გამოვიდეს პირდაპირ ეთერში და მთელ საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 შეფასებებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, მთავარია დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩვენ გვაქვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები