27 მარტი 2017,   08:47
ვრცლად
"ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის ან საბრალდებო დასკვნის ენით" - გია ვოლსკი

საქართველოს პატრიარქის მიერ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ილია მეორე მომხდარს უცნაურსა და არანორმალურს უწოდებს, პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.

ვოლსკი ამბობს, რომ პატრიარქი საუბრობს არა ბრალმდებლის ენით და ის საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს. 

„პატრიარქი სხვა ენით ლაპარაკობს, სხვა მესიჯით ლაპარაკობს და საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს და ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის ან საბრალდებო დასკვნის ენით. ან ვერ წარმოუდგენია ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას. პატრიარქმა აბა სხვანაირად როგორ უნდა თქვას,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქვეყანამ ეროვნული ტრაგედია აიცილა თავიდან, გია ვოლსკი შეფასებას დღეს უკვე აღარ აკეთებს.

„მე გაგეცით პასუხი სრული და თქვენ არ მოგწონთ ეს პასუხი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი მამა გიორგი მამალაძის დაკავებას გუშინ ბერლინიდან გამოეხმაურა. გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ილია მეორე უცნაურსა და არანორმალურს უწოდებს.

პატრიარქის განმარტებით, ორშაბათისთვის უკვე საქართველოში იქნება, რის შემდეგაც ვითარების გარკვევის იმედს გამოთქვამს.

დღის ამბები