27 მარტი 2017,   08:43
ვრცლად
ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან, სხვა ადამიანების გარეშე, არასდროს მისაუბრია - მამუკა ახვლედიანი

მამუკა ახვლედიანმა გამოძიებას ჩვენება მისცა. პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მისივე მოთხოვნით მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.

მამუკა ახვლედიანის თქმით, დაკითხვაზე ძირითადად ფინანსურ საკითხებზე საუბრობდნენ, რაზეც მისი თქმით, ინფორმაციას არ ფლობს.

„კითხვები არის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც შეეხება ფინანსებს, რომლის თაობაზეც წარმოდგენა არ მაქვს და არასდროს არა თუ ჩემთან არ უსაუბრიათ, ჩემი თანდასწრებითაც კი საუბარი არ შემდგარა. ამიტომაც, დავსვი კითხვა, მე არ ვიცი როგორ მოხდა ეს ამ ჩანაწერში, ეს ერთი ჩანაწერია, არის ავთენტური, დამონტაჟებულია, გვარამიამ ჩაიწერა, უშიშროებამ ჩაიწერა თუ არ ვიცი, ვინ ჩაიწერა, ვინ გაავრცელა. მე უფრო მეტი კითხვები მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დანარჩენს და სრული აბსურდია ამ საკითხებზე საუბარი დადასტურებული ფორმით, რომ ვიღაცა ვიღაცას ესაუბრება, ვიღაცა ვიღაცის საქმეებში ერევა,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანის თქმით, რუსთავი 2­-ის გენერალურ დირექტორს რამდენჯერმე სხვა ადამიანების თანდასწრებით შეხვდა, თუმცა არსებული საუბრის ჩანაწერი სრული არ არის და მისი თქმით, ეს კითხვებს ბადებს. ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და, ასევე, ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.

"ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან, სხვა ადამიანების თანდასწრების გარეშე, არასდროს ცხოვრებაში არ მისაუბრია," - აღნიშნავს ახვლედიანი. 

პროკურორი მარიამ გოგორელიანი აცხადებს, რომ საუბრის ძირითადი ნაწილი პირადი საუბრის უნებართვო მოპოვება-გავრცელების საკითხს შეეხებოდა. მისი თქმით, გამოძიება შინაარსობრივი მხარითაც დაინტერესდა.

 

დღის ამბები