24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას გერმანიის კანცლერი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ნატო-ს გენერალური მდივანი და 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაურები დაესწრებიან. მთავარი თემა წელს ნატო-ს მომავალია. დონბასში მდგომარეობის გართულების ფონზე საუბარი წარიმართება უკრაინის საკითხზეც. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გახსნის ცერემონიაში, დაგეგმილია ორმხირივი შეხვედრებიც.

ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მარინა კალიურანდის თქმით, მისი ქვეყნა მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

“ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიოდან შეკრებილები განვიხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოს მომავალი კი თქვენი ხალხის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით თქვენ იმსახურებთ ევროპასთან ინტეგრაციას და ახლო ევროატლანტიკურ კავშირებს. თქვენ გაქვთ ესტონეთის სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებსა და იმ გზაზე, რომელსაც თქვენ ირჩევთ. ჩემი ქვეყანა ემხრობა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ვფიქრობ, ვინც მზადაა ყველას აქვს უფლება შეუერთდეს ნატო-ს და აირჩიოს მომავალი, მაგრამ იცით, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს ყველა მოკავშირეს შორის. რა თქმა უნდა ოპოზიციის უფლებები და მედიის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნისთვის ფუნდამენტური საკითხებია,“ - განაცხადა კალიურანდიმ.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები