30 მარტი 2017,   02:55
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს წევრი პარტიები სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად კვირას 14:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად კვირას 14:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან.

მოგვიანებით კი საკოორდინაციო საბჭოს წევრები მომხრეებთან ერთად დაიწყებენ მსვლელობას და ისინი პარლამენტის წინ რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდებიან.

ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს სწორედ რუსთავი 2 წარმოადგენს.

„მითხარით ერთი ინსტიტუტი, ერთი მიმართულება, რომელიც არ კონტროლდება მილიარდერი ადამიანის მიერ, გარდა რუსთავი 2-ისა. ამიტომ, ეს მძლავრი ტელეკომპანია, რომელიც არის ღია ნებისმიერი მოქალაქისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ ისაუბროს იმ საკითხზე რომელიც არის აქტუალური უნდა დავიცვათ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა აქციას შეუერთდებიან.

საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია თორთლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარი მიზანი რუსთავი 2-ის დაცვაა.

„ჩვენი მთავრი მიზანი დღეს უნდა იყოს ერთადერთი რამ, რომ დავიცვათ რუსთავი 2, დავიცვათ ზოგადად ჩვენი უფლებები და საერთოდ მერე უნდა გადავიდეთ შეტევაზე, რომ ეს ხელისუფლება ამ ქვეყნიდან წავიდეს,“ – განაცხადა გია თორთლაძემ.

პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი საზოგადოებას კვირას რუსთავი 2-ის გვერდით დადგომისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები