30 მარტი 2017,   02:54
ვრცლად
"აქ შეიძლება გარკვეული ტიპის პოლიტიკური ჩარევებიც იყოს" - ნინო ზაუტაშვილი მისი გადაცემის შესაძლო დახურვაზე საუბრობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარდგენილი ახალი ხედვა 14 გადაცემის დახურვას ითვალისწინებს. მათ შორის არის ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა რეალური სივრცე, კაცების დრო, ეკონომეტრი, რადიო თავისუფლება წითელი ზონა და სხვა.

ახალი მენეჯმენტის ახალ გეგმას აღნიშნული გადაცემის ავტორებმა და წამყვანებმა უპასუხეს. ისინი მენეჯმენტს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებენ და იმედი აქვთ, რომ სამეურვეო საბჭო არ მიიღებს აღნიშნულ დოკუმენტს და ეს გეგმა ჩავარდება.

“ეს აბსოლუტურად არაკვალიფიციური შეფასებაა. სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ სამეურვეო საბჭოს ეყოფა კეთილგონიერება, არ მიიღოს ეს   და შეცვალოს ის რეალობა რაც დგას დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ შეიძლება გარკვეული ტიპის პოლიტიკური ჩარევებიც იყოს და ამაზე გაკეთდება განცხადებები,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, გადაცემა რეალური სივრცის წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა.

ჟურნალისტის, მედია ექსპერტის ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, არსებობს გადაცემები რომლებიც რეიტინგით არ უნდა ფასდებოდეს.  

“ვწუხვარ, რომ მენეჯმენტს აქვს ეს ხედვა და აფასებს მხოლოდ სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით. არსებობს გადაცემები, პროექტები რომლებიც არ უდნა ფასდებოდეს მხოლოდ რეიტინგით იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი,“ - აღნიშნა   ტაბლიაშვილმა.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები