27 მარტი 2017,   08:51
ვრცლად
ივანიშვილს არ მოსწონს, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ეკლესიის ინსტიტუტი და პატრიარქი - თინათინ ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნას ასრულებდა. ნაციონალური მოძრაობის აზრით ევროპული საქართველოს ინიციატივა მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნის შესახებ  საკმარისი არ არის. 

„ეს ინიციატივა საკმარისი არ არის, შოთაძე არის ნომინალური გენერალური პროკურორი, იქ სიტუაციას ფარცხალაძე მართავს, ფარცხალაძეც რომ იყოს უწყების ხელმძღვანელი, მისი გადაყენების მოთხოვნაც საკმარისი არ იქნებოდა, პროკურატურა საკუთარი ნებით არ მოქმედებდა, ის კონკრეტული დავალებით მოქმედებდა და ეს იყო ივანიშვილის დავალება. ივანიშვილს არ მოსწონს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ეკლესიის ინსტიტუტი და პატრიარქი... ივანიშვილს გაუჩნდა ამბიცია, რომ გააკონტროლოს ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და გადაწყვიტა ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას.

„ხელისუფლება თავად ეძებს განტევების ვაცს, რომ შოთაძეს ხელები შეაწმინდოს,“- აცხადებს ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ივანიშვილი თამაშობს ადამიანის ყველაზე სათუთი გრძნობებით.“

თინა ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ რუსთავი 2 უნდა შენარჩუნდეს, რადგან რომ არა სამაუწყებლო კომპანია, საზოგადოება მომხდარის შესახებ ვერ გაიგებდა.

„რომ არ ყოფილიყო რუსთავი 2, რომ არ იყოს დამოუკიდებელი მედია, ივანიშვილი ისე მოგვახვევდა საკუთრ ვერსიას, რომ ვერ გავიგებდით სიმართლეს,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

 

 

 

დღის ამბები