24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
არასამთავრობოების ნაწილი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა

მესამე სექტორი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მიუთითებს. კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დაცვისკენ პოლიტიკოსებს დღეს განცხადებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მამა გიორგისთან საპროცესო უფლებების დარღვევაზეც აკეთებენ აქცენტს და მთავარ პროკურატურას გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ მაშინ როდესაც შოთაძის უწყება და თანამდებობის პირები საკუთარ ბრალდებებს საჯაროდ აფიქსირებენ, ბრალდებული დეკანოზი არათანაბარ პირობებშია და დაცვის მხარეს საზოგადოებისთვის არგუმენტების მოყვანისა და საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალება უნდა მიეცეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 42-ე მუხლი იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კანონის დაცვა საჭიროა როგორც თვითონ ბრალდებულისათვის, ასევე ხელისუფლებისათვის. 

“პირველ რიგში საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია იმ პირობების დაცვა, რაც კონსტიტუციის 18-ე მუხლით არის გარანტირებული, ანუ დაკავების დროს მინიმალური სტანდარტები იყო თუ არა დაცული ამ პიროვნების მიმართ. ასევე აუცილებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ადგილი არ ჰქონოდა კანონის დარღვევას და სასამართლო კონტროლი განხორციელდეს ეფექტურად. თუმცა ერთი რაც ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას არის ის, რომ პირველი განცხადებების შემდეგ ყველა მიმართულება იყო იქითკენ მიმართული, რომ ეს ადამიანი უკვე გამოცხადებული იყო დამნაშავედ. კანონის დაცვა საჭიროა როგორც თვითონ ბრალდებულისათვის ასევე ხელისუფლებისათვის,“ - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები