24 თებერვალი 2017,   07:41
ვრცლად
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ ნიშნავს მხოლოდ იმას პიროვნებას უწოდებ თუ არა დამნაშავეს - ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე მამა გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გაგრძელებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, გაკეთებული განცხადებები ე.წ. ციანიდის საქმეში დაკავებული პირის უფლებებს არღვევს.  

„უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ ნიშნავს მხოლოდ იმას პიროვნებას უწოდებ თუ არა დამნაშავეს. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ თითქოს უკვე დადგენილია, რომ ამ ადამიანს გადაჰქონდა კანონით აკრძალული ნივთიერება და ამავდროულად ეს უნდა ჩაეტანა ქვეყანაში, სადაც იმყოფებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, ეს უკვე უთითებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ვინაიდან ირიბად ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ადამიანმა რეალურად განახორციელა დანაშაული, ახორციელებდა დანაშაულ ქმედებას და ეს აღიკვეთა,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კურიერის ეთერში ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიმართ რამდენიმე შეკითხვა აქვს, მათ შორის, ექსპერტიზის ჩატარებით დადგინდა თუ არა რომ აღმოჩენილი ნივთიერება მართლაც ციანიდია. საია-ს იურისტის თქმით, გაურკვეველია რატომ უნდა ფლობდნენ ე.წ. ციანიდის საქმის ინფორმაციას საგამოძიებო უწყების გარეშე პირები.

„ამ პრინციპიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და იმ ფონზე, როდესაც დღეს კეთდება განცხადებები, რომ გარკვეული პირები ფლობენ ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით, მაშინ უკვე ვეღარ ვხვდები იმ მიზანს, რასაც გამოძიების ინტერესები ჰქვია, რატომ ხდება დაცვის მხარის გაუხმაურებლობაზე გაფრთხილება,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ლევან ვეფხვაძე პროკურატურას და შსს-ს მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების დაცვისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები