24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ჩამორთმევის საკითხი კვლავ მწვავე კამათის მიზეზია

შეფასებები მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის უფლებების შეზღუდვას არ გამორიცხავს, მესამე სექტორის მისამართით ისევ ბრალდებების მიზეზი გახდა. საკონსტიტუციო საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, სადაც სწორედ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ჩამორთმევის საკითხი მწვავე კამათის მიზეზი იყო, დღეს მმართველ უმრავლესობაში ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები გააკეთეს. არ არის გამორიცხული არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხდომის ჩანაწერის გასაჯაროება მოითხოვონ.

კონტრასიგნაციის სკანდალურ საკითხზე რომ მწვავე კამათი იყო, ამას კომისიის სხვა წევრებიც ადასტურებენ. განსაკუთრებული პროტესტი კი კონტრასიგნაციის შინაარსის შეცვლას მოჰყვა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას მიზანმიმართულად ცდილობს.

პრეზიდენტის უფლებების მინიმუმამდე დაყვანის მცდელობაზე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. იმ შემთხევაში თუ პრეზიდენტისთვის პრემიერის თანხმობა ვეტოს ან შეწყალების საკითხზე აუცილებელი გახდა, არ არის გამორიცხული ერთმა ნაწილმა კომისიაში მუშაობა შეაჩეროს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ქვეყნის პირველი პირი სახალხო განხილვებში ჩართვას კონსტიტუციის კონკრეტული პროექტის წარდგენის შემდეგ გეგმავს.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები