24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
უხვი ნალექი დასავლეთ საქართველოში - მოსახლეობას დიდთოვლობასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევს

დასავლეთ საქართველო სტიქიის ებრძვის. უხვი ნალექის გამო ჩაიკეტა მაგისტრალები და სოფლებამდე მისასვლელი გზები, მოსახლეობას კი საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება.

გადაუღებელი თოვის და უხვი ნალექის შედეგად სამეგრელოში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობის შედეგად, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო მესტია-ჯვრის მონაკვეთი. უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგებაშიც, თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, დღის ბოლოს აბონენტებისთვის დენის მიწოდება აღდგა.

სამეგრელოში მოსულმა ნალექმა რამდენიმე სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესიც შეაფერხა. ძლიერი შტორმის შედეგად ანაკლიაში მნიშვნელოვნად არის დაზიანებული სანაპიროსთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. 

უამინდობის გამო აჭარაში სასაწავლო პროცესი შეწყდა სკოლამდელი აღზრდის რამდენიმე დაწესებულებაში. 1 საათით მთლიანად შეიზღუდა გადაადგილება ბათუმი-ქობულეთის გზაზე.

თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა იმერეთის მაღალმთიან სოფლებშიც, რის გამოც, რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა ამაღამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ამაღამ ყინვა მინუს 20 გრადუსს მიაღწევს მაღალ მთაში.

ავტორი: ემა გოგოხია, თეა ვაშალომიძე, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები