24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
ფილმი "მძევლები" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთ კინოაღმოჩენად შეაფასეს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილ მსოფლიო პრემიერაზე რეზო გიგინეიშვილის ახალი ნამუშევარი მძევლები შემოქმედებითმა გუნდმა წარადგინა. ჩვენებას ფილმის რეჟისორი მსახიობები, პროდიუსერები და სცენარისტი ესწრებოდნენ.

ფილმის პირველმა ჩვენებამ ბერლინში წარმატებით ჩაიარა, შემფასებლებმა კი სეანსის დასრულების შემდეგ მძევლები ფესტივალის ერთ-ერთ კინოაღმოჩენად შეაფასეს.

ამბავი, რომელიც ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო, მაყურებელთა უმეტესობისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისტორია 1983 წელს საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს.

მსოფლიო პრემიერამდე ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა, პრესკონფერენციას საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მძევლები ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა და ის ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.

რეზო გიგინეიშვილის ახალი ნამუშევარი ბერლინალეზე გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ მოგზაურობას უკვე სხვა ქვეყნებში დაიწყებს.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები