24 თებერვალი 2017,   07:43
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი მის ყოფილ უწყებაში დღეს მოწმის სტატუსით გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მის ყოფილ უწყებაში დღეს მოწმის სტატუსით იმყოფებოდა. ნიკა გვარამიას შემდეგ გამოძიებამ მამუკა ახვლედიანი გამოკითხა მოსამართლის თანდასწრებით. კითხვები ანალოგიური იყო, სამართალდამცველებს ფარული ჩანაწერის შინაარსზე ჰქონდათ მთავარი აქცენტი. მამუკა ახვლედიანიც ადასტურებს რომ ჩანაწერში მისი ხმა ფიგურირებს, თუმცა აცხადებს, რომ აუდიომასალა დამონტაჟებულია.

პროკურორი არ უარყოფს, რომ გამოძიება უკანონო ფარული ჩანაწერის შინაარსსაც იკვლევს. საუბრის მონაწილე მხარეების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელს დღეს არ გამოურიცხავს. პროკურორი ამბობს, რომ ეს მტკიცებულებების მოპოვებაზეა დამოკიდებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკანონო ფარული მასალა მის მიერ გადმოცემული შინაარსის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, თუმცა ლევან მურუსიძე გამოძიების დასრულებას ელოდება.

მამუკა ახვლედიანი და ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებამ განმეორებით დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნახევარსაათიანი აუდიოჩანაწერი უწყვეტია და ავთენტიკური. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საგამოძიებო უწყებისადმი უნდობლობის მიზეზით, გამოძიების კითხვებს სასამართლოში უპასუხეს.

 

დღის ამბები