31 მარტი 2017,   04:26
ვრცლად
კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები, რომელზე წვდომისთვისაც ოპოზიცია პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს

ევროპული საქართველო პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელსაც კომერციული საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან ექნება წვდომა. საპარლამენტო უმცირესობამ სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა დღის წესრიგში რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ დააყენა.

საკითხი დღეს პროცედურულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანეს, თუმცა ოპოზიციის წინადადებამ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, უმრავლესობა კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტებთან წვდომის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ დამოკიდებულება პარლამენტისა არის, რომ ძალიანაც კარგი, არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ, რომ ასე უნდა ერთ ადამიანს, ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს,“ - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.  

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში დაუმუშავებელი თემა წარდგინეს.

„თემა არის უბრალოდ დაუმუშავებელი, არის გათვლილი ერთჯერად პოლიტიკურ მოხმარებაზე და ერთჯერადი პოლიტიკური მოხმარების გამო ახალი ნორმები არ შემოდის,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი თინათინ ბოკუჩავა კი გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.  

 

დღის ამბები