26 მარტი 2017,   03:30
ვრცლად
ინფორმაციის დამალვა თუ დოკუმენტის გაყალბება - რა მოიმოქმედა უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე

სტრასბურგის პირველი გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც ევროსასამართლომ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის მფლობელთა წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მოქმედება. ეს შეეხება როგორც სპეციალურ განცხადებებს, ისე საგარეო საქმეთა მინისტრისა და ქიბარ ხალვაშის მოულოდნელ ვიზიტებს სტრასბურგში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 6 მარტს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, სადაც მოკლედ იყო აღწერილი, თუ როგორ წარიმართა სამ ინსტანციაში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა. წერილში ერთი საინტერესო დეტალი იყო იმის თაობაზე, რომ უზენაეს სასამართლოს, თურმე, ჯერ კიდევ 1-ელ დეკემბერს დაუკომპლექტებია დიდი პალატის 9-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც საქმე უნდა განეხილა. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ აცნობეს რუსთავი 2-ის მხარეს, საქმის განმხილველი დიდი პალატის 9 მოსამართლის ვინაობა 3 თვის განმავლობაში.

თუ დიდი პალატა 2016 წლის 1-ელ დეკემბერს დაკომპლექტდა, მაშინ ამის შესახებ აპარატს 2 თვის შემდეგ მაინც აუცილებლად უნდა სცოდნოდა. დამალა თუ არა უზენაესმა სასამართლომ დიდი პალატის შემადგენლობა, თუ ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ახლა დოკუმენტების გაყალბებას და სტრასბურგთან, შელახული იმიჯის გამოსწორებას დაუშვებელი მეთოდებით ცდილობს, უცნობია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება გამოიჭირეს და ახლა ისინი სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ.

უზენაესი სასამართლოს მცდელობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ 7 მარტს შეჩერების ღონისძიება კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოო გადაწყვეტილებამდე გააგრძელა. იურისტების შეფასებით, ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ქართულმა სასამართლომ ქართული და ევროპული სამართლის მინიმალური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.

სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი რუსთავი 2-ის თანამშრომლების და იურისტებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. გამოხატვის თავისუფლება, ახლა სწორედ ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაარჩინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები