26 მარტი 2017,   03:32
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი - რუსეთის გეგმები და მზადება რეფერენდუმისთვის

ჯერ კიდევ 28 წლის წინ, აფხაზეთსა და ოსეთში გაკეთებულ სეპარატისტულ განცხადებებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, რაც, საბოლოოდ, 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა. 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ, რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ზუსტად ამავე დღეს, 2017 წლის 9 აპრილს, სამხრეთ ოსეთი ერთდროულად საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს ატარებს. რეფერენდუმის მიზანი ასეთია - ოკუპირებულ ტერიტორიას დასახელება შეეცვალოს და მისი სახელი ასე უნდა ჟღერდეს: სამხრეთ ოსეთი, სახელმწიფო ალანია. ეს რუსეთის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, ვინაიდან ზუსტად კავკასიონის ქედის მიღმა მდებარე მეზობელ რეგიონსაც ასე ჰქვია - ჩრდილოეთ ოსეთი, ალანია.

ამასთან ერთად კრემლი აპირებს, რომ სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი სამხედრო დანაყოფი უკვე უშუალოდ დაუქვემდებაროს რუსეთის ხელმძღვანელობას. პრაქტიკულად, ოსი სამხედროები ისედაც რუსეთის მითითებებს ასრულებენ, მაგრამ ახლა ეს უკვე ოფიციალურად გაფორმდება.

ათწლეულების განმავლობაში ოს მოხალისეებს საქართველოსთან ომისთვის წვრთნიდნენ, ახლა კი, უეცრად, შეიძლება სირიაში ამოყონ თავი, მაგრამ წასვლამდე ყველა ქვედანაყოფი საგანგებო მომზადებას ჩეჩნეთში, გუდერმესის ბაზაზე გადის, სადაც მათ გრუ-სა და ფსბ-ს სპეცრაზმების ვეტერანი ინსტრუქტორები წვრთნიან.

ცხინვალის არჩევნებამე ერთი თვით ადრე გამოქვეყნებულ რუსულ-ოსურ შეთანხმებას შეიძლება კიდევ ბევრი ფარული აზრი და ვერსია ჰქონდეს. მისი ზოგადი დებულებების მთავარი აზრი კი მაინც კარგად ნაცნობია - რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს ოკუპირებული რეგიონის ანექსიად და მის მიერთებას ცდილობს.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

დღის ამბები