26 მარტი 2017,   03:32
ვრცლად
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი - არასამთავრობოები გასაჩივრებისთვის ემზადებიან

ოპოზიციასთან ერთად, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისაღებია სამოქალაქო სექტორისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ვეტო დაიძლევა და სამართლებრივი ნაბიჯებისთვის ემზადებიან.

საჩივრის შეტანა პირველ ეტაპზე საკონსტიტუციოში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში იგეგმება.

„დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება ამ შემთხვევაშიც ამ კანონპროექტის გადახედვა. ეს არ არის საბოლოო კანონპროექტი და ამ კანონპროექტის მიბრუნება მოუწევს ქართულ ოცნებას. ეს შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით,“ - აცხადებს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე.

სამოქალაქო სექტორში მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტიდან მომდინარე საფრთხეებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.  

„დიდი ალბათობით მარტივად დაიძლევა პრეზიდენტის ვეტო და უცვლელი დარჩება ის მავნე კანონმდებლობა, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს აძლევდა ყველანაირი თვითნებობის შესაძლებლობას და ხსნიდა გზებს იმისთვის, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მომხდარიყო ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე.

სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში კი, იმ ბარიერებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოექმნება.

„თუ რომელიმე კომპანიას უნდა შემოსვლა ბაზარზე, ის ვალდებულია, რომ სანამ ის ავტორიზაციას გაივლის, ეს წინასწარ შეათანხმოს სააგენტოსთან და მეორე, იმ შემთხვევაში თუ ოპერატორს მოითხოვს, რომ მან განახორციელოს მისი ქსელის მოდიფიცირება იმგვარად, რომ იყოს თავსებადი დისტანციური ჩართვებისთვის, ამ შემთხვევაში ამავე კომპანიებს მოუწევთ საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დადგომა,“ - განაცხადა საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა.

დღის ამბები