26 მარტი 2017,   03:35
ვრცლად
"ევროპული საქართველო" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის პარლამენტში ახალ წინადადებას დაარეგისტრირებს

ევროპული საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის პარლამენტში დღეს ახალი წინადადების დარეგისტრირებას აპირებს.

საუბარია ეკონომიკურ დანაშაულზე არსებული სანქციების შემსუბუქებაზე. საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზებული ვარიანტი კონკრეტულ მუხლებზე პატიმრობის ნაცვლად ჯარიმას ითვალისწინებს.

„ეკონომიკურ დანაშაულზე, განსაკუთრებით თუ ის პირველად არის ჩადენილი და არ არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი პატიმრობა არ უნდა იქნას გამოყენებული. ასევე აიწიოს ის ზღვარი, რომლის შემდეგაც იწყება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს წინადადების მხარდაჭერას არ აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ამტკიცებენ, რომ ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი მათ პარლამენტში გასულ კვირას წარადგინეს.

„ბიზნესის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი ჩვენ ერთ კვირის წინ პარლამენტში დავარეგისტრირეთ და მალე დაიწყება განხილვა. ასე რომ, ეს არის იგივე, რაც უვე არის შემოსული პარლამენტში. ეს უნდა იყოს ადმინისტრაციული სასჯელი, ადმინისტრაციული ჯარიმა, მაგრამ არ უნდა იყოს ადამიანის დაპატიმრება იმისთვის, რომ მან 50 ათას ლარზე მეტი დამალა ბიუჯეტიდან,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

უმცირესობის ვარიანტის განსახილველად მზად არის საპარლამენტო უმრავლესობა.

დღის ამბები