ოპოზიციის წევრები `იმედის` იმიტირებულ რეპორტაჟს გმობენ
14.03.10 15:30
სპეციალურ რეპორტაჟში გასულ სამ სერიოზულ შეცდომაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი. პაატა დავითაიას თქმით, ჯარის ღალატი, დიპკორპუსის გამოგონილი ინტერვიუები და პრეზიდენტის მკვლელობა კანონმდებლობის დარღვევაა. საკითხს დეპუტატები ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. რეპორტაჟის გამოსაძიებლად შესაძლოა სპეციალური კომისიაც შეიქმნას.
მომხდარის სათანადოდ შეფასებას საერთშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვენ `ალიანსი საქართველოსთვის` წევრები და საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფის შექმნას უჭერენ მხარს, რომელიც ტელევიზიების მუშაობას გააკონტროლებს. კანონდარღვევაზე საუბრობენ `ქრისტიან-დემოკრატებიც`.
`ალიანსი საქართველოსთვის` კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია `იმედზე` 13 მარტს გასული საინფორმაციო გადაცემა `ქრონიკის` ე.წ იმიტაციას, რამაც საქართველოს მოსახლეობაში უმძიმესი სტრესი გამოიწვია და შოკის მომგვრელი ზემოქმედება მოახდინა ხალხზე,` - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
`ეს საკითხი უნდა გახდეს მსჯელობის საკითხი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საჭიროა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხებს, იმიტომ რომ ყველაფერ ამას, რაც ჩვენ ვიხილეთ, უნდა მოჰყვეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის იმიჯისათვის, რადგან გუშინდელი სიუჟეტით ძალიან სერიოზულად შეილახა ქვეყნის იმიჯი,` - განაცხადა პოლიტიკური პარტია `ჩვენ თვითონის` ლიდერმა პაატა დავითაიამ.
|